ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, მათაც ტკივათ, მათაც უხარიათ... ისინი ყველაზე გულწრფელები არიან, მარად ბავშვებად რჩებიან, მაგრამ გულით მუდმივად ატარებენ არაბავშვურ სევდას... საზოგადოებას ისინი არ უყვარს, გაურბიან, ხელით უთითებენ, შეხედეთ, როგორი სხვანაირები არიანო... არადა ისინიც ჩვენი მსგავსი, უბრალო ადამიანები არიან. დღეს ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, თითქოს დაინგრა ის უზარმაზარი კედელი ჩვენსა და მათ შორის აღმართული, აღმართული მათი ნაკლის თუ ჩვენი გულგრილობის გამო... ისინი ჩვენი შვილების გვერდით სწავლობენ, მათ ჩვენ ვასწავლით, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, კედლის ნგრევის პროცესი თანაბრად რთული და მტკივნეული აღმოჩნდა ჩვენთვისაც, ,,ჯანსაღი ადამიანებისთვის" და მათთვისაც, ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის". მაგრამ ყველაზე მთავარი სასიკეთო და სასარგებლო, რაც ამ პროცესს თან ახლავს არის სწავლის პროცესი, ისინი სწავლობენ ჩვენგან, როგორ შეეგუონ და გაუმკლავდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვენ კი ვსწავლობთ მათთან ურთიერთობით, როგორია სწორი ცხოვრება...
მე ამ ურთიერთობას დავარქმევდი პოეტურ სახელს ,,ჩემი ცხოვრების გაზაფხული", რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა ჩვენში აღვიძებს და ბადებს ახალ გრძნობებს, ახალ იმედებს, მოლოდინებს, როგორც გაზაფხული აღვიძებს მიძინებულ ბუნებას და ბადებს უამრავ ახალ სიცოცხლეს...
მეცამეტე წელია ვასწავლი, ვთვლიდი, რომ კარგი მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ წელს ვიგრძენი საკუთარი სისუსტე და უძლურება. ალბათ კარგი მასწავლებელი მაშინ ხარ, როცა შეგიძლია მათაც ასწავლო, მათთანაც ისეთივე თბილი და გახსნილი იყო, როგორც სხვებთან. ვთვლი, რომ ეს სირთულე ნელ-ნელა დავძლიე და სურვილი მაქვს სხვასაც ვაჩვენო, რომ ეს შესაძლებელია...
პროექტის სახელი: ჩემი ცხოვრების გაზაფხული
პროექტის მოკლე აღწერა: ამ პროექტით ჩემს მოსწავლეებთან ერთად შევეცდები დავანახო უარყოფითად განწყობილ ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირების აუცილებლობა.
პროექტის სრული აღწერა: პროექტი გაწერილი იქნება საკმაოდ ვრცელ ვადებში, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩავატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა ჯგუფებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, საზოგადოების სხვა წევრებთან, გავაცნობთ მათ ჩვენს დაკვირვებებს, მსოფლიოში მსგავსი მეთოდების დანერგვით მიღებულ დადებით მხარეებს, ვანახებთ მათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესაძლებლობებს, ვეცდებით დავეხმაროთ გააცნობიერონ საკუთარი შესაძლებლობები ამ დიდი საქმის ხელშეწყობაში.
მონაწილეთა ასაკი / კლასები: 11-15 წლის მოსწავლეები (მე-5, მე-6, მე7, მე-8, მე-9 კლასები).
ვადები / ხანგრძლივობა: 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილამდე
პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ცნობილი და წარმატებული ადამიანების შესახებ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად წარმატებულები იყვნენ და მოამზადებენ პრეზენტაციებს მათი ცხოვრების შესახებ.
მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი აწარმოებს პერიოდულ დაკვირვებას შშშმ მოსწავლეების სწავლის პროცესზე, აიღებს ინტერვიუებს მასწავლებლებთან, მშობლებთან, მოაგროვებს ფოტო და ვიდეო მასალას საკუთარი დაკვირვებების გასაანალიზებლად და საპრეზენტაციოდ.
მოსწავლეები შექმნიან შემქმედებით პროდუქტებს, ჩანახატებს, ესეებს, მოაწყობენ ამ თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენას ( შესაძლოა გამოცხადდეს კონკურსი , ამ თემაზე შექმნილი ჩანახატების, ესეებისა და ნახატების ).
მოაწყობენ დოკუმენტური ფილმის ,,როგორ ინგრევა კედელი" ჩვენებას, შესაბამისი დისკუსიის თანხლებით.
დასასრულს მოაწყობენ შეხვედრებს და საკუთარ დაკვირვებებსა და დასკვნებს გააცნობენ საზოგადოებას.
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ნახატები, ესეები, ჩანახატები, ფოტოგალერეა, შესაძლოა პატარა დოკუმენტური ფილმის გაკეთება.
სასარგებლო სხვებისთვის: კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ ამ ადამიანებს ჩვენს თანადგომას და სიყვარულს. საზოგადოებას ვანახებთ, რომ ეს არ არის დაუძლეველი პრობლემა. ვაგრძნობინებთ, რომ ამ ურთიერთიბით ვივსებით ჩვენც და ცოდნას ვიძენთ ჩვენც, ეს არ არის მხოლოდ მათი დახმარება, ჩვენ ამით საკუთარ თავსაც ვეხმარებით.
სამუშაო ენა: ქართული
საგანთან / საგნობრივ ჯგუფთან კავშირი: ხელოვნება, ი.ს. ტ.-ი , ქართული.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: თინათინ ჩაჩავა
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tikochachava@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი: tikochachava.blogspot.com.
Комментариев нет:
Отправить комментарий